სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for December, 2009

სუპერლიგა მე-9 ტური: ”ბათუმის” მორიგი გამარჯვება

Posted by amikoshka on December 29, 2009

ტურის ცენტრალური მატჩის მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა დაძაბული. „სოხუმმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და სანამ ძალები გასწვდა, ტოლს არაფერში უდებდა. ბუბა სპერლიგის მე- 9 ტური: ”ბათუმის” მორიგი გამარჯვებაკვიმსაძე, ირაკლი სორდია და გიგა კვეტენაძე უხვად ამარაგებდნენ სოხუმელებს ქულებით და პირველი მეოთხედი 20:20 დასრულდა, აი, მცირე შესვენები შემდეგ კი ბათუმელებმა გაილაღეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია დავით იმნაძისა და ბესიკ ლეჟავას გარჯა. იმნაძემ მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა მოხსნებში. აქამდე საუკეთესო შედეგი მის თანაგუნდელ პლასიდე როდუმტას ჰქონდა – 19 მოხსნა, იმნაძემ კი სოხუმელებთან მატჩში ერთით მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, რასაც 25 ქულა მოაყოლა და მეტოქის გატეხვაში ლომის წილი დაიდო. ლეჟავას კი 29 ქულა დაუგროვდა და მატჩის ბომბარდირი გახდა.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

მანუჩარ ცხადაია 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენია

Posted by amikoshka on December 27, 2009

საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი მანუჩარ ცხადაია გახდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას 26 დეკემბერს ფილარმონიის “ივენთ-ჰოლმა” უმასპინძლა. დაახლოებით ორსაათიანი შოუ-პროგრამა მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარის” მონაწილეებმა გაალამაზეს. ვიდრე სტუმრები უმთავრეს ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობას შეიტყობდნენ, საუკეთესოები 3 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე დაჯილდოვდნენ 2009 წლის საუკეთესო სპორტული შედეგის მქონე სპორტსმენებიც.

საღამოს წამყვანმა, რუსთაველის თეატრის დირექტორმა ზაალ ჩიქობავამ პირველი ნომინაციის გამარჯვებულის გამოსავლენად სცენაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს უხმო. მან კი საუკეთესო სპორტულ ფედერაციად რაგბის კავშირი გამოაცხადა.

სიგელი და პრიზი – ნოუთბუქი კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ ჩაიბარა. საუკეთესო ნაკრებად კალათბურთელთა ნაკრები დასახელდა, ხოლო მწვრთნელის ნომინაციაში ამ სახეობის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სერბმა იგორ კოკოშკოვმა იმარჯვა. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით ნამგალაურმა შესაბამისი სიგელი და საგანგებო პრიზი ნაკრების დარბაზში მყოფ წევრებს, კოკოშკოვის ასისტენტ დავით უსტიაშვილს, კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს და პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს გადასცა.

შემდეგ წამყვანმა სცენაზე ტიტულოვანი ვეტერანები,ოლიმპიური ჩემპიონები- მზია ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი მიიწვია და მათ 2009 წლის გამორჩეული სპორტსმენების ვინაობა გააცნეს დამსწრეთ. სპეციალური საჩუქრები მსოფლიოს სუპერთასის გამარჯვებულ და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ ტყვიის მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, მსოფლიოს ბრინჯაოსნებს – ძალოსან ალბერტ კუზილოვს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძესა და მოკრივე კობა ფხაკაძეს, 20 და 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილსა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე ფეხბურთელ, ”რუბუნის” შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებულს ლაშა სალუქვაძეს გადაეცათ.

უმთავრესი ნომინაციის გამარჯვებულის გვარ-სახელი სტუმრებს სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გამოუცხადა. მანუჩარ ცხადაია ნაკრებში წელს დამკვიდრდა და სადებიუტო წელი უმალ წლის საუკეთესო სპორტსმენის სახელით დააგვირგვინა. ცხადაია მინისტრმა წლის საუკეთესო სპორტსმენისათვის განკუთვნილი მემორიალური სიგელითა და ძვირფასი მაჯის საათით დააჯილდოვა.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ საღამოს მონაწილეებისა და სტუმრებისთვის “ალაფურშეტი” გაიმართა, რომლის გვირგვინიც უზარმაზარი ტორტის გაჭრა იყო.

მანუჩარ ცხადაია(2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი): “ისე ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის. ემოციების დამალვა მიჭირს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს წუთები კი ყველაზე მეტად სასიხარულოა. ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება უდიდესი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, სტიმულია და გპირდებით, მომავალში თავს არ დავზოგავ, საქართველო უფრო მეტად რომ ვასახელო. დიდი მადლობა ყველას, ამ დაფასებისთვის”.

გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მადლობა ყველას, თითოეული მორაგბის სახელით. მადლობა თავად მორაგბეებს, რომლებიც ყოველთვის სულს და გულს აქსოვენ თამაშში, ქართველი ხალხის გასახარებლად”.

ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “მართლაც წარმატებული სეზონი იყო ქართული კალათბურთისთვის. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ და ამ წარმატებას თბილისური გამარჯვებებით, ქართველი გულშემატკივრის დახმარებით მივაღწიეთ. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომლებსაც ჩვენს წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით”

ნიკოლოზ რურუა(კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი): ”2009 წელს ქართულ სპორტს მართლაც სერიოზული მიღწევები ჰქონდა. წლის სპორტსმენად ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი მანუჩარ ცხადაია დასახელდა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოს ტიტულს. წინ კი არაერთი დიდი გამარჯვება გველის და მზად ვართ ვემსახუროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართული სპორტისათვის არაერთი აღიარება მოაქვს”

დავით ნამგალაური (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე): რა თქმა უნდა, ძალზე რთულია საუკეთესოს გამოვლენა, მაშინ, როდესაც ქართულ სპორტს კანდიდატად არაერთი პროფესიონალი ჰყავს. ამჯერადაც, ჩვენი არჩევანი მოჭიდავეზე შეჩერდა და ვფიქრობთ, დამსახურებულდაც. მაგრამ, ამავე დროს სასიხარულოა, რომ წარმატებები სპორტის სათამაშო სახეობებშიც გვაქვს და წლის ნაკრებისა და ფედერაციის, ასევე წლის მწვრთნელის ნომინაციებში კალათბურთისა და რაგბის წარმომადგნელებმა გაიმარჯვეს.”

2009 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი

1. 2009 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს რაგბის კავშირი

2. 2009 წლის საუკეთესო მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი (კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

3. 2009 წლის საუკეთესო ეროვნული ნაკრები – კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები

4. 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი – მანუჩარ ცხადაია

5. 2009 წლის სპორტული შედეგებისათვის

1.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 2009 წლის მსოფლიოს სუპერთასის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი

2. ალბერტ კუზილოვი (ძალოსნობა) 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

3. კობა ფხაკაძე (კრივი) 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

4. ლაშა სალუქვაძე (ფეხბურთი) 2009 წლის რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის წარმატებული ქართველი ფეხბურთელი

5. პაატა მერებაშვილი (ძიუდო) 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული

6. გიორგი გოგშელიძე (ჭიდაობა) 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ნუგზარ მგელაძემ ”ბათუმი XIV” დატოვა

Posted by amikoshka on December 26, 2009

საქართველოს მორაგბეთა გასული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი მწვრთნელი, ლევან მგელაძე მომავალ სეზონში თბილისის “ვისოლი-ყოჩების” დამრიგებელი იქნება და წარმატების მოპოვებას ახლა ამ გუნდთან ერთად ეცდება.

მწვრთნელი ოფიციალურად ნავთობკომპანია “ვისოლის” მიერ საფეხბურთო კლუბ “ვისოლ-ავაზას” პრეზენტაციისას წარადგინეს.

მგელაძე ქართველ მწვრთნელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია და ერთი პერიოდი ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ორი წლის წინათ, ის ბათუმური კლუბის – “ბათუმი XV”-ის ხელმძღვანელობამ რეგიონში რაგბის აღორძინებისთვის ჩამოიყვანა. პირველ წელს აჭარულმა კლუბმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, გასულ ჩემპიონატში კი, ერთი შეხედვით უმაღლესში დასარჩენად გასული გუნდი, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

საგულისხმოა, რომ ფინალისკენ მივალ გზაზე, ავსტრალიურ ფლეი ოფში “ბათუმი XV”-მა სწორედ “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხა, მცირე ფინალში იმ მომენტისთვის საქართველოს ჩემპიონ “ლოკომოტივს” სძლია. მგელაძის გაწვრთნილებმა ფინალში “ლელოსაც” დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ოქროს ვეღარ შეწვდნენ.

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ანანიძე სეზონის აღმოჩენათა შორის მეოთხეა

Posted by amikoshka on December 26, 2009

პოპულარული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 15 აღმოჩენას შორის, მოსკოვის “სპარტაკის” 17 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა – ხმათა 9,1 პროცენტით (874 ხმა).

ქართველი, ბრაზილიელ თანაგუნდელ ალექსს (29,7 პროცენტი, 2834 ხმა), სპარტაკელთა მთავარ მწვრთნელს ვალერი კარპინსა (17.1 პროცენტი, 1633 ხმა) და ცსკა-ს მცველ გეორგი შჩენიკოვს (12,3 პროცენტი, 1172 ხმა) ჩამორჩა.

“ჭაბუკი ქართველის, რომელსაც ოქტომბერში 17 წელი შეუსრულდა, არ აღნიშვნა შეუძლებელია. ტყუილუბრალოდ არ საუბრობენ, რომ მას თვალი ლონდონის “არსენალმა” დაადგა, რომელსაც ტანდაბალი, ტექნიკური და ეშმაკი ფეხბურთელები მოსწონს. მის მიერ “სპარტაკის” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში გატანილი გოლების ვიდეორგოლებისგან სიამოვნებას, “წითელ-თეთრთა” ათასობით გულშემატკივარი იღებდა და მოუთმენლად ელოდნენ, როდესაც 60-კილოგრამიანი (რუსეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის მონაცემი) “ცეროდენა” პრემიერლიგაში ფოკუსებს ჩაატარებდა. მოესწრნენ კიდეც: 18 ოქტომბერს, 170 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელმა, “ლოკომოტივთან” საკვანძო შეხვედრაში ანგარიში თავით გახსნა. შემდეგ კი, ფენომენალური გადაცემა გააკეთა, რომლის შემდეგ თავი ველიტონმა გამოიჩინა. იმ დროისთვის, ჯანო უკვე მოკბეჩილი ლუკმა იყო რუსეთის ნაკრებისთვის, არადა, მისი გადაბირება რეალური იყო. “წითელ-თეთრების” ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის ინტერესის დამცველი ხალხი ჰყვება: ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, “სპარტაკმა” რუსეთის ფეხბურთის ფედრაციას წერილით მიმართა, რომ ანანიძისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიეცათ. თუმცა, ეს ყურად არ იღეს – დიდი ალბათობაა, რომ პოლიტიკური მოტივის გამო. მხოლოდ მას მერე, რაც ჯანო საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა და იტალიელების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა, რუსეთის საფეხბურთო კავშირში გაეღვიძათ – როგორ გაუშვით?” – ქართველის შესახებ საუბრობს “სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტი იგორ რაბინერი.

რუსეთის ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი ტალალაევი, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად ითვლება და ტელეარხ “სპორტზე” კომენტატორობს კიდეც, ანანიძეს ასე აფასებს:

“უდავოა, რომ ჯანო ძალიან ეფექტური ფეხბურთელია. თუმცა, ჯერჯერობით მასზე ბევრი ავანსია გაცემული – მე ერთი წელი კიდევ დაველოდები, ვიდრე მის მომავალზე დარწმუნებით ვისაუბრებ. ანანიძე ბურთთან ძალიან კარგადაა, ხოლო უბურთოდ უნდა მოუმატოს, განსაკუთრებით ორთაბრძოლების დროს. პლუს, მას ჯანმრთელი პრაგმატიზმი არ ჰყოფნის. ანანიძეს უნდა, აბსოლუტურად ყველა გადაცემა მწვავედ აქციოს, რაც ყოველთვის გამართლებული არაა: სჯობს ზოგჯერ უფრო საიმედოდ და აკურატულად ითამაშოს”.

სხვათა შორის, ქართველს გამოკითხვაში “რუბინის” თავკაცი ყურბან ბერდიევი, ცსკა-ს დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი, “ლოკომოტივის” დამრიგებელი იური სიომინი, “ევერტონის” ნახევარმცველი დინიარ ბელიალეტდინოვი, ცსკა-ა ფორვარდი ტომაშ ნეციდი ჩამორჩნენ.

ლაშა თაბაგარი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

“ბათუმი” პირველ ოთხეულში დამკვიდრდა

Posted by amikoshka on December 25, 2009

“ბათუმი”- შსს 94:83

ბათუმი “ბასკოს” საკალათბურთო დარბაზი
(24:17; 26:27; 24:22; 20:17)

ბათუმი: თავართქილაძე (5), ბესო ლეჟავა (11), კეშელავა (18), იმნაძე (10), როდუმტა (24), ვანო მაისურაძე (6), ნინუა (13), მამუკა ბოლქვაძე (7)

მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

შსს: ირაკლი ბერიშვილი (20), მიქაბერიძე, ნიკოლაძე (18), აბულაძე (2), სუხიშვილი (6), დავით ბერიშვილი (9), ლაფანაშვილი (15), ფაიქრიძე (3), კორკოტაძე, შერმადინი (10)

მოთამაშე მწვრთნელი: დავით ბერიშვილი

კომისარი: თენგიზ ქიქოძე

მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე

მერვე ტური ბათუმში, ადგილობრივი გუნდისა და შსს-ს მატჩით დაიწყო. დიდ ინტერესს იწვევდა აღნიშნული გუნდების შეხვედრა, რადგან “ბათუმი” და შსს, მეშვიდე ტურის შემდეგ, თერთმეტ-თერთმეტი ქულით IV-V ადგილებს იყოფდნენ. შეხვდრა “ბათუმის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ცამეტი ქულა დააგროვა, უახლოესი მდევარი შსს უკან ჩამოიტოვა და პირველ ოთხეულში მყარად დამკვიდრდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი წრის ბოლო, მეცხრე ტურში, ზღვისპირელთა მეტოქე ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტი “სოხუმი” იქნება, მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე მაღალი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ “ბათუმს”, ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

აღნიშნულ შეხვედრაში, საუკეთესო იყო მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე ტანმაღალი, 212 სანტიმეტრი სიმაღლის “ბათუმის” ცენტრალური თავდამსხმელი პლასიდე როდუმტა, რომელმაც 24 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. კიდევ ერთი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა), როდუმტას თანაგუნდელ ფორვარდ ლაშა კეშელავას ანგარიშზე მოდის.

შსს-ს მხრიდან ყველაზე მეტი, 20 ქულა უკანახაზელმა ირაკლი ბერიშვილმა გააკეთა.

გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას 26 დეკემბრისთვის და VIII ტურის დარჩენილ შეხვედრათა განრიგს:

1 ენერჯი-ინვესტი 7 7 0 669-451 14
2 თსუ 7 6 1 684-549 13
3 საუ 7 6 1 676-479 13
4 ბათუმი 8 5 3 699-602 13
5 შსს 8 4 4 713-649 12
6 სოხუმი 7 3 4 504-545 10
7 დინამო 7 2 5 512-613 9
8 თბილავიამშენი 7 2 5 555-602 9
9 სამედიცინო-აკადემია 7 1 6 454-537 8
10 მერანი 7 0 7 398-740 7

26 დეკემბერი. თბილისის სპორტის სასახლე
საუ – “მერანი” 12.00
“თბილავიამშენი” – “სამედიცინო-აკადემია” 14.00
“დინამო” – “ენერჯი-ინვესტი” 16.00
თსუ – “სოხუმი” 18.00

როლანდ ლაბუჩიძე

Posted in კალათბურთი | Leave a Comment »

კობიაშვილი “ჰერტაში” გადავიდა

Posted by amikoshka on December 20, 2009

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, ლევან კობიაშვილი კარიერას ბერლინის “ჰერტაში” განაგრძობს.

როგორც AP იტყობინება, ბერლინურმა კლუბმა 32 წლის ქართველ მოთამაშესთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ავტომატურად კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუკი “ჰერტა” გერმანიის ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

17 ტურის შემდეგ, ბერლინელებს, 6 ქულით, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავიათ.

ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში “ჰერტას” მეორე შენაძენი გახდა, მას შემდეგ, რაც ბერლინელებმა, იჯარით, ლევერკუზენის “ბაიერის” ფორვარდი, თეოფანის გეკასი აიყვანეს.

ლევან კობიაშვილი “შალკეში” 2003 წლიდან თამაშობს და პრაქტიკულად მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნეოდა (ბუნდესლიგაში 167 მატჩი და 9 გოლი). ძირითადიდან სათადარიგოებში მან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც “შალკე” ფელიქს მაგათს ჩააბარეს. კობიაშვილს ამგვარი ვითარება არ აწყობდა, რასაც არც მალავდა და შედეგად, გელზენკირხენელთა დატოვება გადაწყვიტა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

დავით იმნაძე: “ბათუმის” მიზანი ჩემპიონობაა”

Posted by amikoshka on December 20, 2009

“ბათუმის” ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე, პირველი კალათბურთელია, რომელმაც საქართველოს XIX ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებულ მატჩებში ორმოცქულიან ზღვარს გადააბიჯა.
იმნაძემ ამის გაკეთება “მერანთან” VI ტურის შეხვედრაში მოახერხა, როცა 19 ორქულიანიდან 18, ხოლო 11 საჯარიმოდან 10 გამოიყენა, 46 ქულა დააგროვა და მისივე თანაგუნდელის, ბესო ლეჟავას რეკორდი (36 ქულა) გააუმჯობესა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავით იმნაძე დაასახელეს.
გთავაზობთ ინტერვიუს დავით იმნაძესთან, რომელიც ტურის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა.

– მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე გყავდათ, თქვენ მოედანზე თითქმის ორი ტაიმი, 37 წუთი და 45 წამი დაჰყავით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეჟავას რეკორდის გაუმჯობესება, თავიდანვე გამიზნული ხომ არ გქონდათ?

– მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რეკორდებზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან მინდა ჩემთვის სასურველი სათამაშო ფორმა აღვიდგინო და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავყო მოედანზე. ვარჯიში სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დავიწყეთ და ამიტომ ვერ მოვასწარი ჩემთვის სასურველ ფორმაში შესვლა, თორემ დღეში ორჯერადი წვრთნა გვაქვს და მე და ჩემი თანაგუნდელები მაქსიმალურად ვცდილობთ დანაკარგის ანაზღაურებას.

– რა მიზნები აქვს “ბათუმს” მიმდინარე ჩემპიონატში?

– “ბათუმის” მიზანი ჩემპიონობაა და სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს.

– ისეთი მოკლე სკამით, როგორიც “ბათუმს” აქვს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ გაგიჭირდებათ?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “ბათუმი”, პირველი წრის დასრულების შემდეგ, მინიმუმ ორი კალათბურთელის დამატებას აპირებს.

– საქართველოს XVIII ეროვნული ჩემპონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, თქვენ კარიერა აზერბაიჯანში განაგრძეთ. თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი აზერბაიჯანული კარიერის შესახებ?

– აზერბაიჯანის ორ გუნდში, ბაქოს ნტდ-“დევოსა” და ნახჩევანის “არაზში” მაქვს ნათამაშები და ორივეჯერ ოქროს მედლის მფლობელი გავხდი. ამ გუნდებიდან, ბოლოს “არაზში” გამოვდიოდი.

– “არაზიდან” რატომ წამოხვედით?

– 2008-2009 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი დამიმთავრდა და წამოვედი.

– “არაზის” ხელმძღვანელობა ახალი, 2009-2010 წლების სეზონის დაწყების წინ, არ შეგხმიანებიათ?

– სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანიდან რომ არ დამიკავშირდნენ, არ გამკვირვებია, რადგან ამ ქვეყნის კალათბურთი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

– საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყნის გუნდშიც ხომ არ გითამაშიათ?

– 2005 წელს, სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის წევრ “პრევიძაში” ვთამაშობდი. ძალიან სუსტი გუნდი იყო და სლოვაკეთიდან ისე წამოვედი, სეზონის ბოლომდე არ მითამაშია.

– თქვენი სიმაღლის (208 სანტიმეტრი) მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გითამაშიათ…

– საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში მაქვს ნათამაშები. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გორდონ ჰემბერტის მთავარი მწვრთნელობის დროს ვიყავი გამოძახებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მითამაშია.

– ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენციის (ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, დავით უგრეხელიძე.) გათვალისწინებით, ნაკრებში თამაშზე ხელი ხომ არ ჩაიქნიეთ?

– ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო.

როლანდ ლაბუჩიძე

Posted in ინტერვიუ, კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

კობიაშვილის “ჰერტაში” გადასვლა გადაწყვეტილია

Posted by amikoshka on December 20, 2009

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ლევან კობიაშვილის პირველი ბუნდესლიგის აუტსაიდერ ბერლინის “ჰერტაში” გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.

როგორც გერმანული გამოცემა fussball-extreme იუწყება, “ჰერტას”, დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებასაც კობიაშვილის ხარჯზე აპირებს და მომავალი წლის იანვრიდან, ქართველი ბერლინელებს შეურთდება.

32 წლის კობიაშვილი, ბოლო პერიოდში, გელზენკირხენის “შალკეს” შემადგენლობაში არ ვარჯიშობდა და როდესაც გერმანელმა ჟურნალისტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს მისი არყოფნის მიზეზი ჰკითხეს, ასეთი პასუხი მიიღეს:

“ლევანი გვაკლია, მაგრამ მან ბოდიში მოგვიხადა, რადგან სხვა გუნდში გადასვლას ფიქრობს”.

კობიაშვილი, რომელსაც “შალკესთან” კონტრაქტი 2010 წლის ივნისამდე აკავშირებს, გელზენკირხენულ კლუბში 2003 წელს, “ფრაიბურგიდან” გადავიდა და გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 167 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

“ბათუმმა” “სამედიცინო–აკადემიაც” დაამარცხა

Posted by amikoshka on December 18, 2009

„ბათუმი“ 91 – 64 აკადემია

(21:18; 23:18; 27:13; 20:15)


ბათუმი:
თავართქილაძე(16), ბესო ლეჟავა (10), ლეშელავა (5), იმნაძე (25), როდუმტა (18), მიქელაძე (3), ნინუა (14)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
სამედიცინო აკადემია: იოსებ ლეჟავა (9), ლომოური, მუმლაძე (11), თენიეშვილი (14), ჯავახიშვილი (12), ჩქარეული, ბექაური (2), ელიაძე (11), ჭიჭვეიშვილი (3), ზურაბ მაისურაძე (2)
მთავარი მწვრთნელი: გელა წულაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, გურამ მიქელაძე

ორ დღეში მეორე გამარჯვება მიითვალა. გუშინ დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მე–4 ტურის გამოტოვებულ მატჩში „ავიამშენს“ მოუგეს, დღეს კი ახალგაზრდულ „სამედიცინო–აკადემიასაც“ სძლიეს.

„ბათუმი“ შედარებით გამოცდილი და შესაბამისად ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვიდრე „სამედიცინო–აკადემია“. თან თბილისელებს ერთ–ერთი ლიდერი მერაბ ბოქოლიშვილი აკლდა და სავარაუდოც იყო, რომ მასპინძლები გამარჯვებას მიაღწევდნენ. თუმცა გელა წულაძის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო. კახა მუმლაძისა და ნოდარ თენიეშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით მედიკოს–აკადემიელები 16:10 დაწინაურდნენ, თუმცა პირველი მეოთხედის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ათწუთეული 18:21 დათმეს.

მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და ლიდერობის განმტკიცებას მიჰყვეს ხელი. დავით იმნაძე ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო სამწამიანში. ბათუმელმა ცენტრმა 25 ქულასა და 18 მოხსნას მოუყარა თავი, რასაც პლასიდე როდუმტან 18 ქულა და 15 მოხსნა მოაყოლა. მხოლოდ ამ ორმა მოთამაშემ მოხსნა იმდენი ბურთი (33), რამდენიც მთლიანად „სამედიცინო–აკადემიამ“. ასეთ ვითარებაში შედარებით გამოუცდელი და ახალგაზრდული გუნდი წასაგებად გაიწირა. ბათუმელებმა თამაშის ბოლომდე 27–ამდე გაზარდეს უპირატესობა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის ღია პირველობაზე სამი გამარჯვება მოიპოვა

Posted by amikoshka on December 18, 2009

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის ღია პირველობაზე მესამე მატჩში გაიმარჯვა. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირის პირველ დღეს სევასტოპოლის ნაკრებს 12:9 აჯობეს, ამის შემდეგ მარიუპოლის ”ილიჩოვეცთან” 8:10 დამარცხდნენ, მესამე დაპირისპირებაში კი ”მინსკთან” 14:11 გაიმარჯვეს. დნეპროპეტროვსკში მიმდინარე პირველი წრის მეოთხე დაპირისპირებაში ქართველმა წყალბურთელებმა ”კიევს” 13:8 მოუგეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.
კიეველებთან თამაშის პირველი და მეორე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მესამე და მეოთხე პერიოდები კი საქართველოს ნაკრების უპირატესობით და საბოლოო გამარჯვებით დამთავრდა. პირველი წრის ბოლო მატჩს ჩვენი ნაკრები 19 დეკემბერს ”დნეპროპეტროვსკთან” გამართავს. უკრაინაში ნაკრებს ზვიად დავითიანი ხელმძღვანელობს, ისე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე გახლავთ.

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »