სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ინტერვიუ’ Category

დავით იმნაძე: “ბათუმის” მიზანი ჩემპიონობაა”

Posted by amikoshka on December 20, 2009

“ბათუმის” ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე, პირველი კალათბურთელია, რომელმაც საქართველოს XIX ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებულ მატჩებში ორმოცქულიან ზღვარს გადააბიჯა.
იმნაძემ ამის გაკეთება “მერანთან” VI ტურის შეხვედრაში მოახერხა, როცა 19 ორქულიანიდან 18, ხოლო 11 საჯარიმოდან 10 გამოიყენა, 46 ქულა დააგროვა და მისივე თანაგუნდელის, ბესო ლეჟავას რეკორდი (36 ქულა) გააუმჯობესა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავით იმნაძე დაასახელეს.
გთავაზობთ ინტერვიუს დავით იმნაძესთან, რომელიც ტურის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა.

– მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე გყავდათ, თქვენ მოედანზე თითქმის ორი ტაიმი, 37 წუთი და 45 წამი დაჰყავით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეჟავას რეკორდის გაუმჯობესება, თავიდანვე გამიზნული ხომ არ გქონდათ?

– მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რეკორდებზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან მინდა ჩემთვის სასურველი სათამაშო ფორმა აღვიდგინო და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავყო მოედანზე. ვარჯიში სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დავიწყეთ და ამიტომ ვერ მოვასწარი ჩემთვის სასურველ ფორმაში შესვლა, თორემ დღეში ორჯერადი წვრთნა გვაქვს და მე და ჩემი თანაგუნდელები მაქსიმალურად ვცდილობთ დანაკარგის ანაზღაურებას.

– რა მიზნები აქვს “ბათუმს” მიმდინარე ჩემპიონატში?

– “ბათუმის” მიზანი ჩემპიონობაა და სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს.

– ისეთი მოკლე სკამით, როგორიც “ბათუმს” აქვს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ გაგიჭირდებათ?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “ბათუმი”, პირველი წრის დასრულების შემდეგ, მინიმუმ ორი კალათბურთელის დამატებას აპირებს.

– საქართველოს XVIII ეროვნული ჩემპონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, თქვენ კარიერა აზერბაიჯანში განაგრძეთ. თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი აზერბაიჯანული კარიერის შესახებ?

– აზერბაიჯანის ორ გუნდში, ბაქოს ნტდ-“დევოსა” და ნახჩევანის “არაზში” მაქვს ნათამაშები და ორივეჯერ ოქროს მედლის მფლობელი გავხდი. ამ გუნდებიდან, ბოლოს “არაზში” გამოვდიოდი.

– “არაზიდან” რატომ წამოხვედით?

– 2008-2009 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი დამიმთავრდა და წამოვედი.

– “არაზის” ხელმძღვანელობა ახალი, 2009-2010 წლების სეზონის დაწყების წინ, არ შეგხმიანებიათ?

– სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანიდან რომ არ დამიკავშირდნენ, არ გამკვირვებია, რადგან ამ ქვეყნის კალათბურთი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

– საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყნის გუნდშიც ხომ არ გითამაშიათ?

– 2005 წელს, სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის წევრ “პრევიძაში” ვთამაშობდი. ძალიან სუსტი გუნდი იყო და სლოვაკეთიდან ისე წამოვედი, სეზონის ბოლომდე არ მითამაშია.

– თქვენი სიმაღლის (208 სანტიმეტრი) მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გითამაშიათ…

– საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში მაქვს ნათამაშები. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გორდონ ჰემბერტის მთავარი მწვრთნელობის დროს ვიყავი გამოძახებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მითამაშია.

– ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენციის (ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, დავით უგრეხელიძე.) გათვალისწინებით, ნაკრებში თამაშზე ხელი ხომ არ ჩაიქნიეთ?

– ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო.

როლანდ ლაბუჩიძე

Posted in ინტერვიუ, კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ლევან კობიაშვილი – ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს

Posted by amikoshka on November 5, 2009

xl_foto_des_monats_05111133275841

ბოლო თამაშებში ლევან კობიაშვილი არათუ ”შალკეს” შემადგენლობაში, არამედ მატჩის განაცხადშიც არ ჩანს. არადა კობის ტრავმა რომ ჰქონდეს, ამას გერმანული წყაროები და მისი კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც არ დამალავდა. ცხადია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თავს რაღაც ხდება და საქმეში გარკვევას შევეცადეთ. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროსგან შევიტყვეთ, რომ კობის ?შალკედან? წასვლა გადაწყვეტილი აქვს. გარდა ამისა, გადაცემა ”საფეხბურთო ღამის” ეთერში ჩართვისა და გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ლევანთან სანაკრებო თემებზეც ბევრი გვქონდა სასაუბრო. ინტერვიუც სანაკრებო საკითხებით დავიწყეთ, მერე კი კლუბსა და მომავალ ტრანსფერზეც გავესაუბრეთ.
– ლევან, საუბარი ”საფეხბურთო ღამის” ეთერში ჩართვისას გაკეთებული განცხადებებით დავიწყოთ…
– გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების მარცხსა და უფერულ თამაშს მწვავედ განიცდის და ეს სრულიად სამართლიანია. ქომაგი სტადიონზე მოდის, ბილეთს ყიდულობს და საყვარელი გუნდისგან გახარება უნდა. ჩვენ კი უკვე მერამდენედ გავაწბილეთ ხალხი. წაგება და უფერული თამაში არავის გვსიამოვნებს და მერწმუნეთ, ამას ჩვენზე, ფეხბურთელებზე მწვავედ არავინ განიცდის. ვინც მიცნობს, ვფიქრობ, ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. უშეცდომო არავინაა და მეც არ ვარ გამონაკლისი. ჩემს შეცდომაზე, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ, მაგრამ სხვებისაზე – არა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელებზე, მხოლოდ მწვრთნელზე ან რომელიმე ერთ მხარეზე, ჯოხის გადატეხა გამართლებული არაა. ბევრი პრობლემა დაგროვდა ქართულ ფეხბურთში და იმ სატელევიზიო ჩართვაში სწორედ ამაზე ვილაპარაკე…
– ეს გასაგებია, მაგრამ ვინც ეს გადაცემა ნახა, სრულიად მართებულად გაუჩნდა კითხვა, რატომ არ თქვა ეს აქამდე ნაკრების რომელიმე ფეხბურთელმა ან თუნდაც ლევან კობიაშვილმა?
– ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს საკითხები შიგნითვე მოგვეგვარებინა. ყოველთვის გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა სასიკეთოდ. თუმცა ასე არ მოხდა, მოუგვარებელ პრობლემებს სხვაც დაემატა, ეს ყველაფერი დაგროვდა და საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი მოგების გარეშე დავასრულეთ… არ მინდა, ახალ თაობას – ყენიას, მჭედლიძეს, ანანიძეს… ვგულისხმობ, 5-10 წლის შემდეგაც იგივე პრობლემები ჰქონდეთ, რასაც წინა თაობა განიცდიდა და ჩემს თაობასაც იგივე აწუხებს. არ მინდა იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომაც ვისაუბრე ღიად ამაზე, რაც ზოგმა შესაძლოა სხვაგვარად გაიგო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს სტატიებშიც გამოჩნდა… არადა, ასე ნამდვილად არაა. თავის მართლება არ მჩვევია, წაგებებსა და ჩემს წილ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და ამას არასდროს გავურბივარ, მაგრამ გლობალურად თუ არ შეიცვალა სურათი, ქართულ ფეხბურთში ისე არაფერი გამოვა.
– მაინც რა უნდა შეიცვალოს?
– გულშემატკივარი სტადიონზე ნაკრებისგან წარმატებას ელის. მან არ იცის სიმართლე. ხალხს ჰგონია, რომ ნაკრებს გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელთან ერთად, იდეალური პირობები აქვს მოსამზადებლად. არადა არ იციან, რომ ეროვნულ გუნდს ელემენტარული პირობებიც არ აქვს. იცით რა ვითარებაში ვარჯიშობდა ხოლმე ეროვნული გუნდი? ერთ მხარეს კარი იყო დახეული ბადით, მოძრავი კარი არ იყო და მეორე მხარეს ჯოხები ჩაარჭვეს… მითხარით, ნაკრები კი არა, რომელიმე დაბალი რანგის ევროპული გუნდი, რომელიც ასეთ პირობებში ვარჯიშობს? ბაზა აშენდა და კარგია, მაგრამ მერე ?აღმოჩნდა?, რომ იმ ბაზას სავარჯიშო მოედანი სჭირდება. მოედნის გარეშე ეს ბაზა სასტუმროა და მეტი არაფერი… ნაკრები თბილისური შეკრებებისას ხან სულაქველიძის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს, იქ თუ გაწვიმდა, მერე სხვა მოედნის ძებნა იწყება და ასეა გაუთავებლად… რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ხელისუფლება, უკვე წლებია მილიონებს ხარჯავს ნაკრებისთვის, მაგრამ თუ ნაკრებს სათანადო კი არა, ელემენტარული პირობები არ ექნება მოსამზადებლად, ისე შედეგი არ იქნება. არც ტოპმიოლერი და არც კუპერი ჯადოქრები არ არიან, რომ ნორმალური ვარჯიშის გარეშე, გუნდმა დადებითი შედეგი აჩვენოს. კარგია, რომ ხელისუფლება ფეხბურთისთვის, ნაკრებისთვის ფულს ხარჯავს, მაგრამ თუ შედეგი გვინდა, ეს თანხა გონივრულად უნდა დავხარჯოთ… ეს იცით რას ჰგავს? კაცმა ძვირად ღირებული მანქანის საყიდლად მილიონები დახარჯოს და მერე ბენზინის ფული არ ჰქონდეს. სახელოვანი კუპერია ეროვნულის თავკაცი, ასეთი მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ და ამით მორჩა ყველაფერი. დავტოვოთ კუპერი ნაკრებთან მარტო და მას დადებითი შედეგები ექნება… ასე არაფერი გამოვა.

58327471

– ზემოთ სხვაგვარი სტატიები ახსენეთ…
– კრიტიკას ყოველთვის ვიღებ, მაგრამ მხოლოდ მისგან, ვინც ფეხბურთი იცის და პროფესიონალია. ასეთებისგან კრიტიკა არაერთხელ მიმიღია და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიც დამეხმარა. ვინც სტადიონზე პირობითად ორჯერაა ნამყოფი, ასეთებისგან კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებ… ნურავინ შეეცდება, რომ ჩემი ის სატელევიზიო ჩართვა სხვაგვარად შეაფასოს. თითქოსდა, წაქცეულს ფეხს ვაჭერდე. თქვენს გაზეთში დაიწერა, სტატიის ავტორი მეტრეველი წერს, თითქოსდა წაქცეულებს ფეხს ვაჭერდე. წაქცეულებში ნოდარ ახალკაცსა და ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას გულისხმობდა… ბარე 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი ნაკრები გულშემატკივრის იმედს ვერ ამართლებს, ჩემზე და ჩემს თანაგუნდელებზე მეტად წაქცეული ვინაა… წაქცეულს კი წაქცეული ფეხს ვერ დააჭერს. ესეც რომ არა, ვინც მიცნობს იცის – ის კაცი ნამდვილად არ ვარ, რომ წაქცეულს ფეხი დავაჭირო, პირიქით, ბევრისთვის გამიწვდია დახმარების ხელი და სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების წესი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ და მინდა ყველამ კარგად გაიგოს, იმ სატელევიზიო გადაცემაში ჩართვისას, ჩემი ლაპარაკი თავის მართლება არ ყოფილა. თუ ვინმე გავაკრიტიკე, საკუთარი თავის ჩათვლით გავაკრიტიკე. ქართველებს კრიტიკა არა, ტაში კი გვიყვარს. ჩვენ ყოველთვის სხვისკენ ვიშვერთ ხელს და შეცდომას სხვას ვაბრალებთ. საკუთარ შეცდომას არ გავურბივარ. ყველამ ასე, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ შეცდომებიც და პასუხისმგებლობაც, ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ არსებული ვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ. ჩვენი გასაკეთებელი ყველამ უნდა გავაკეთოთ და მერე ტაშიც იქნება, რომელიც ასე გვიყვარს ქართველებს. პიარკამპანიები არ გვინდა, სარგებელს არ მოგვიტანს, უმჯობესია საქმე ვაკეთოთ.
– განაცხადეთ, რომ სოფიაში გამართული შეხვედრა ნაკრებში თქვენთვის ბოლო თუ არა, ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო. სერიოზულად ფიქრობთ წასვლას? არადა ეროვნულის კაპიტანმა, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, აღნიშნეს, რომ ნაკრებიდან თქვენი წასვლა ნაადრევია…
– ყველას მადლობელი ვარ ასეთი მხარდაჭერისთვის… ხალხმა არ იცის სიმართლე და ჰგონია, რომ ნაკრებს ყველა პირობა აქვს, ყველაფერი იდეალურადაა, ცნობილი უცხოელი მწვრთნელი გვყავს და შედეგი რატომ არ არისო. არადა რეალობა აბსოლუტურად სხვაა, პირობები არ გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან მოდიან ნაკრებში ფეხბურთელები. ჩვენი პირველობის დონე კი რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არაა და უკუსვლა თუ გაგრძელდა, ჩემპიონატი ნაკრებს შევსებას ვეღარ მიაწვდის… ნამდვილად არ მინდა ნაკრების 15-წლიანი კარიერა სამარცხვინოდ დავასრულო. ამიტომაც ვთქვი ბოლო თუ არა ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო-მეთქი… მეტრეველი თავის სტატიაში გამოსავალს ნაკრებიდან სტაჟიანი წევრების წასვლაში ხედავს. თუ ესაა გამოსავალი, წავალ, თუ მე და ჩემი თაობა ვართ ეროვნული გუნდისთვის პრობლემა, კი ბატონო, წავალთ. ეროვნული ნაკრები კობიაშვილით არ დაწყებულა და ჩემით არ დამთავრდება… ნურავინ შეეცდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დამაპირისპირონ. 15 წელია ნაკრებში ვთამაშობ და მაქვს უფლება, რომ ეროვნულში 18-19 წლის ფეხბურთელს ნაკლზე მივუთითო, ამას ისევ იმ ფეხბურთელისთვის, გუნდისთვის ვაკეთებ. ნურავინ შეეცდება, რომ ამას სხვა შეფერილობა მისცეს. 18-19 წლის რომ ვიყავი, ნაკლზე მეც მითითებდნენ…
– ზემოთ ეროვნული ჩემპიონატი ახსენეთ… გერმანიიდან თვალს ადევნებთ ჩვენი პირველობის მატჩებს?
– როცა დრო მაქვს, თამაშებს ვუყურებ ხოლმე… ერთი მატჩი ვნახე და გული მეტკინა. გუნდს არ დავასახელებ, ერთ ფეხბურთელს 14 ნომრიანი მაისურა ეცვა, 1-იანი ჩამოხეული ჰქონდა და მხოლოდ 4-იანი ეტყობოდა. ეს ახლო კადრით ვნახე, თანაც მატჩის დასაწყისში და არა თამაშის ბოლოს… ეროვნულ ჩემპიონატს მიხედვა უნდა, კლუბებს მეტი ფინანსური საშუალება უნდა ჰქონდეთ. გლობალურადაა მისახედი ჩვენი ფეხბურთი. კარგია ნაკრებში მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი… ეს კარგია თუ პარალელურად ეროვნულ ჩემპიონატსაც მიეხედება, ბაზებს, მოედნებსა და სტადიონებს, ბავშვთა ფეხბურთს, მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასა… თუ ასე არ მოხდა, წლების მერეც იმავე პრობლემების წინაშე ვიქნებით.

Par2835873
– ლევან, ბულგარული ფიასკოს შემდეგ, 3-4 ფეხბურთელის გარდა, ყველამ დატოვეთ სასტუმრო, რასაც რამდენიმე ვერსია მოჰყვა. რეალურად რა მოხდა?
– ამაზეც გულწრფელად გიპასუხებთ… თუ ვინმე ფიქრობს, რომ სოფიაში, იმ საშინელი მატჩის შემდეგ, მოვილხინეთ ან დისკოთეკაზე ვიყავით, ძალიან ცდება… მხოლოდ 40 წუთით გავედით სასტუმროდან. შევიკრიბეთ და ყველაფერ იმაზე ვისაუბრეთ, რაზეც ამ ინტერვიუში გელაპარაკებით. ყველამ ვთქვით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება… ამ გასვლით არანაირი სპორტული რეჟიმი არ დაგვირღვევია. ასეთი შეკრებები მატჩამდეც არაერთხელ გვქონდა და ამაში მიუღებელი არაფერია, პირიქით.
– ლევან, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეროვნულ ნაკრებს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს. როგორ ფიქრობ, შეძლებს ამ გუნდის ათამაშებას და ვითარების სასიკეთოდ შეცვლას?
– წლების მანძილზე თემურთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მხარდამხარ ვთამაშობდი და მას კარგად ვიცნობ. მისი შემართება, ბრძოლისუნარიანობა, მონდომება ახლაც კარგად მახსოვს. თემურმა უსახელო კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ”ანორთოსისს” ახალი ისტორია შეუქმნა, მსოფლიოს გააცნო. მერე ”ოლიმპიაკოსი” ჩააბარეს და იქაც წარმატებები ჰქონდა. მონდომებული და სამართლიანია, მას დიდი სამწვრთნელო რესურსი გააჩნია და იმედი მაქვს საქართველოშიც ყველაფერს გააკეთებს ეროვნული გუნდისთვის. თუმცა თემურს მხარში დგომა სჭირდება სახელმწიფოსგან, ფედერაციისგან… ნაკრებს პირობები თუ არ ექნა, მხოლოდ თემურს მივაბაროთ გუნდი და შედეგს დაველოდოთ… ასე არაფერი გამოვა.
– ახლა ”შალკეზე” ვთქვათ. ბოლო მატჩებია, გუნდის შემადგენლობაში კი არა, განაცხადშიც არ ხართ. რატომ, რა ხდება? ფელიქს მაგათისთან ურთიერთობა ბევრს უჭირს, მასთან ურთიერთობა შეიცვალა თუ სხვა მიზეზია?
– არის მიზეზები, მაგრამ, მომიტევეთ და არ მინდა ამაზე საჯაროდ საუბარი. ფაქტი ერთია, ”შალკედან” წასვლა გადაწყვეტილი მაქვს და ჩემი ტრანსფერი ამ ზამთარს თუ არა, სეზონის ბოლოს მაინც შედგება.
– მაინც რა მიზეზია ასეთი. შესაძლებელია ვითარება შეიცვალოს და გუნდში დარჩეთ? გერმანული წყაროები წერენ, ფინანსური კრიზისის გამო ”შალკე” გამორჩეულ ფეხბურთელებს გაასხვისებსო…. ”იმ ჩამონათვალში” თქვენი გვარიცაა…
– არა მგონია რამე შეიცვალოს… რაც შეეხება კრიზისს, მხოლოდ ეს არაა მიზეზი.
– ”შალკე” თქვენს სანაცვლოდ ისეთ თანხას ხომ არ მოითხოვს, რომელიც ტრანსფერს დააბრკოლებს?
– ზაფხულში 33 წლის გავხდები და ფაქტობრივად გამოვრიცხავ, რომ ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხაზე იყოს საუბარი. მით უმეტეს ზაფხულში ისედაც მიმთავრდება კლუბთან კონტრაქტი.
– ჩვენი ინფორმაციით თქვენით ”დორტმუნდი” და ”კიოლნი” დაინტერესდნენ, ლაპარაკია ”აინტრახტზეც”…
– ტრანსფერზე ჩემი აგენტი მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით მსურველები არ გამოკვეთილან, დეკემბერში მეტი მეცოდინება.
– ლევან ყენიაზეც გკითხავთ, ბოლოს მასაც არ უთამაშია…
– მას ფეხი სტკივა და ამიტომ ვერ თამაშობს. იმედია, ლევანი მალე გამოჯანმრთელდება და მოედანზეც დაბრუნდება.

დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო”

Posted in ინტერვიუ, ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

FIBA-EUROPE – ამ საქართველოს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა შესთავაზა

Posted by amikoshka on October 6, 2009

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი გასულ კვირაში საბერძნეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ქართული კალათბურთის გამგებლები ფიბა–ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილაკოპულოსს შეხვდნენ და მისგან საკმაოდ კარგი ამბები მოისმინეს, რის შესახებაც თავად ბესიკ ლიპარტელიანი გვესაუბრება.

beso0

– საბერძნეთში ეფიბა–ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილაკოპულოსთან შესახვედრად ვიყავით და მასთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელები ხედავენ, რომ საქართველოში კალათბურთი ვითარდება, რისი დასტურიც ჩვენი ეროვნული გუნდის წარმატებებია და ამიტომაც მათი მხრიდან ინტერესი იზრდება. ბატონმა ვასილაკოპულოსმა გვითხრა, რომ ჩვენ უკვე საკალათბურთო განვითარების გარკვეულ ეტაპზე ავედით, A დივიზიონში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და ეროვნულ ნაკრებს დიდი პოტენციალიც გააჩნია. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ევროპის საკალათბურთო ცხოვრება–საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა. ამ მხრივ ფიბა–ევროპამ საქართველოს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა შესთავაზა და სავარაუდო ვადაც დაითქვა: 2011 წელი. ეს საკითხი დამტკიცებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა, მაგრამ თუკი მოვლენები ჩვენთვის ხელსაყრელად განვითარდება, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საკმაოდ რეალურია.

– საამისოდ უპირველესად დარბაზებია საჭირო…

– ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის ჩასატარებლად 3 ევროპული დონის დარბაზი სრულიად საკმარისია. თბილისში ჯერჯერობით ერთია ასეთი – სპორტის სასახლე, მაგრამ ჩვენი ნაკრების წარმატებამ კალათბურთისადმი დაინტერესება გაზარდა და შესაძლებელია, ფედერაციას გადმოეცეს არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (სკა–ს) დარბაზი. ასევე სპორტის დეპარტამენტის შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი, თუმცა ორივეგან სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენი საბერძნეთში ვიზიტის მიზეზი ესეც იყო, რომ ფიბა–სგან გაგვეგო, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია. ბატონი ვასილაკოპულოსი დაგვპირდა, რომ ფიბა საქართველოს აუცილებლად დაეხმარება ფარებით, ტაბლოებით და სათამაშო მოედნის საფარისთვის საჭირო მასალებით, რაც მთლიანობაში ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ფიბა–ევროპის პრეზიდენტი ოქტომბრის ბოლოს თავად ჩამოვა საქართველოში, დაათვალიერებს დარბაზებს, სადაც რემონტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იქნება შესაძლებელი და კონკრეტული დახმარების ოდენობაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

– დარბაზების გარემონტებაში კიდევ ვისი დახმარების იმედი გაქვთ?

– როცა ფიბა–ევროპისგან გავიგებთ, კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაგვიწევენ, მერე უკვე ყველაფერი მალე გაირკვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც დაგვეხმარება და ჩვენ ასევე სპონსორებიც გვყავს მოსაძიებელი. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, თუმცა საუბარია, რომ ვერის ბაღის დარბაზიც ჩაერთოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ფერხულში და ეს თუ მოხერხდა, ძალიან კარგი იქნება.

Posted in ინტერვიუ, კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »