სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘კალათბურთი’ Category

ბათუმი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Posted by amikoshka on April 21, 2010

ბათუმი 87:88 შსს

23:24 30:21 20:25 14:18

ბათუმი: მაისურაძე (4), (ლეჟავა 26),თავართქილაძე (13), იმნაძე (22 ქულა, 12 მოხსნა), როდუმტა (12); კეშელავა (8 ქულა, 10 მოხსნა), ნინუა 2

შსს: ი. ბერიშვილი (15), ნიკოლაძე (16), ლაფანაშვილი (12), მარკოიშვილი (8), ათუაშვილი (14), დ. ბერიშვილი (9), კორკოტაძე (2) , შერმადინი (10), სუხიშვილი (2)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბათუმისა“ და შსს–ს მეოთხედფინალის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გაირკვეოდა და ასეც მოხდა.

იყო პერიოდი, როცა ბათუმელებმა მესამე მეოთხედში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შსს–მ გაბათილება მოახერხა, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ბათუმელთა მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო.

მასპინძლებს არ ჰყავდათ ისეთი ძლიერი სამარქაფო მოთამაშეები, როგორიც თბილისელებს, ამიტომაც ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს ხანგრძლივად უწევდათ მოედანზე ყოფნა. შესაბამისად, მათ პერსონალური შენიშვნები დაუგროვდათ და მწვრთნელს ხშირად უწევდა დავით იმნაძის და პლასიდე როდუმტას მოედნიდან გაყვანა.

მართალია, შსს–ს მესამე მეოთხედში 5 პერსონალურის გამო გაუვარდათ გიორგი მარკოიშვილი, მაგრამ თბილისელებმა მას სათანადო შემცვლელი მოუნახეს. რაც შეეხება ბათუმელი დავით იმნაძის მოედნიდან გავარდნას, ამ ფაქტს ბათუმელებისთვისლიდერობის დაკარგვა მოჰყვა. თამაშის ბოლო წუთებმა უაღრესად დაძაბულად ჩაიარა. შსს–მ ბოლო წუთზე მოახერხა 4 ქულით დაწინაურება, თუმცა მასპინძლებმა ლამის შეუძლებელი შესძლეს. ბესო ლეჟავამ სამიანი ჩააგდო, შემდეგ კი ტარიელ თავართქილაძემ ჩაჭრა და ლეჟავამ სწრაფ შეტევაში მორიგი 2 ქულა მიითვალა, რითაც ბათუმელები საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ქულით დააწუნაურა – 87:86.

აქ კი საკუთარი სიტყვა თქვა გამოცდილმა დავით ბერიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა შედეგიანი ორქულიანით დააგვირგვინა და 88:87 თბილისელების სასარგებლოდ. მასპინძლებს ბოლო შეტევისთვის 12 წამი ჰქონდათ, მაგრამ ლეჟავას შორეული ორქულიანი შსს–ს კალათში არ ჩაეშვა.

მაშ ასე, შსს ნახევარფინალში გავიდა და იქ რუსთავის „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდება.

მესამე შეხვედრა დასჭირდა სსაუ–სა და „დინამოს“ მეოთხედფინალურ სერიას. დინამოელებმა სერიის მეორე მატჩში მოულოდნელი მარცხი აგემეს რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ სსაუ–ს, თუმცა ნამდვილი სენსაციის მოხდენა ვეღარ მოახერხეს.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სსაუ–მ 98:91 დაამარცხა „დინამო“ და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.

ნახევარფინალური სერიები 25 აპრილს დაიწყება.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმმა საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

Posted by amikoshka on April 16, 2010

ბათუმისა და შსს-ს  წყვილში გამარჯვებული მე-3 მატჩში გადაწყდება. მას შემდეგ, რაც 14 აპრილს შინ წააგეს, ბათუმელებმა დღეს შსს თბილისში 95:84 დაამარცხეს და 20 აპრილს აჭარაში გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო. დავით იმნაძისა და ბესიკ ლეჟავას ძალისხმევით სტუმრებმა პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგეს, თუმც შემდეგ იმნაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოებში გადაინაცვლა. ამის ისარგებლეს შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე „ძალოვნებმა“ და მესამე მეოთხედშივე მოიპოვეს ლიდერობა, რაც ძირითადად გიორგი ნიკოლაძის და ირაკლი ბერიშვილის აქტიურობას მოჰყვა. მესამე მეოთხედი მაინც ბათუმელებმა მოიგეს (63:62), თუმც გადამწყვეტ ათწუთეულში ყველაფერი სტუმართა სასიკეთოდ წარიმართა. მოედანს მობრუნებულმა იმნაძემ ფარქვეშ ფრთები გაშალა, ლაშა კეშელავამ სამქულიანი სამიზნე გაისწორა, ხოლო ბესიკ ლეჟავა ყველა ამბლუაში კომფორტულად გრძნობდა თავს – შორიდანაც ლაშქრავდა შსს-ს კალათს და შედეგიან სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა.

თამაშის დასრულებამდე 3,5 წუთით ადრე ბათუმელთა ლიერობამ 13 ქულას მიაღწია და ყველაფერიც აქ გაირკვა. დასკვნითმა წუთნახევარმა აზრი დაკარგა და მოთამაშეებმა სიარულში ჩაამთავრეს შეხვედრა.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, 20 აპრილს ბათუმში გაიმართება.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

Posted by amikoshka on April 14, 2010

დღეს იწყება სუპერლიგის პლეი ოფი. 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდნენ და ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. 4 წყვილიდან ყველაზე საინტერესო სავარაუდოდ „ბათუმისა“ და შსს–ს დაპირისპირება უნდა იყოს.

ერთადერთი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ვერ გავიდა, „ჭიათურაა“, რომელმაც მე–9 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება „ავიამშენს“, ეგ გუნდი ფორმალურად წერია ცხრილში, ისე კი პირველი წრის შემდეგ დაიშალა და მეორე წრეში ყველა მეტოქესთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მეოთხედფინალში დაწყვილების პრინციპი ტრადიციული იყო: შედარებით მაღალ საფეხურზე გასული გუნდები შედარებით დაბლა მყოფებს შეხვდნენ. ნახევარფინალში გავა ის გუნდი, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.

ბათუმი – შსს (რეგულარულში:94:83, 75:86)

დააკვირდით ამ გუნდებს შორის რეგულარულ ჩემპიონატში ნათამაშევ მატჩებს. მეტოქეებმა თითო თამაში ერთნაირი სხვაობით – 11 ქულით მოიგეს. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და შესაბამისად, ბოლო ტურამდე ვერ გაირკვა, რომელი მათგანი გავიდოდა მე–4 ადგილზე. საქმე იმაშია, რომ თუკი პირად შეხვედრებში ქულებიც თანაბრადაა განაწილებული და მიღებულ–ჩაგდებული ბურთებიც, მაშინ უპირატესობა საერთო ბურთების შეფარებას ენიჭება. ამაში კი ბათუმელებმა იძალეს და მეოთხე ადგილთან ერთად შსს–სთან მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

სწორედ ამ წყვილში ვარაუდობენ ყველაზე დიდ ბრძოლას. ბათუმელებს მოედნის უპირატესობა უმაგრებთ ზურგს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სერიაში ანგარიში 1:1 გახდება, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პირველი მატჩი ხვალ ბათუმში 18 საათზე დაიწყება, ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლე 16 აპრილს უმასპინძლებს და ეს მატჩი პირველი არხით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ენერჯი–ინვესტი – სამედიცინო–აკადემია106:60, 90:49)

რეგულარული ჩემპიონატის მომგები „ენერჯი–ინვესტი“ სუპერლიგის დებიუტანტს, მე–8 ადგილის დამკავებელ „სამედიცინო–აკადემიას“ შეხვდება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი რუსთავული გუნდია, მედიკოს–აკადემიელებისთვის კი ეს იქნება გამოცდილების მისაღები მატჩები. მათი გუნდი ხომ მთლიანად 17–18 წლის ბიჭებითაა დაკომპლექტებული. რეგულარულ ჩემპიონატში რუსთაველებმა ორივე მატჩი მოუგეს „სამედიცინო–აკადემიას“:.

სსაუ – დინამო (119:59, 114:95)

ამ წყვილში ფავორიტი აგრარული უნივერსიტეტის გუნდია (სსაუ). მიხეილ კობეშავიძის გუნდმა დინამოელები რეგულარული ჩემპიონატის ორივე მატჩში იოლად დაამარცხა. სავარაუდოდ, არც მეოთხედფინალში უნდა გაუჭირდეთ აგრარელებს, თუმცა პლეი ოფში თამაშს სხვა განცდა აქვს და დინამოელებიც ალბათ მაქსიმუმს გაიღებენ, რათა ღირსეული ბრძოლა გაუმართონ გასული წლის ვერცხლის პრიზიორ სსაუ–ს.

თსუ– სოხუმი (107:77, 90:69)

სოხუმელებმა რეგულარულ ჩემპიონატში იოლად თითქმის არც ერთ ფავორიტს არ დაანებეს გამარჯვება. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ერთ ლიდერს სოხუმთან იოლი გასეირნება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სოხუმელები თსუ–სთან მეოთხედფინალურ სერიაშიც მაქსიმუმს გაიღებენ, რაც უპირველესად მაყურებელთა წისქვილზე დაასხავს წყალს. რაც უფრო საინტერესო იქნება თამაშები, მაყურებელი მეტად კმაყოფილი დარჩება.

ისიც უნდა ითქვას, რომ თსუ–ს ჩემპიონობის ამბიცია აქვს და „სოხუმისგან“ ალბათ არანაირ საშიშროებას არ მოელის. ანუ ამ ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად განწყობა სოხუმელებისთვის უფრო იოლია, ვიდრე სტუდენტებისთვის. თუმცა ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია და  ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს ნახევარფინალში გასვლის „სოხუმზე“ ბევრად მეტი შანსი აქვს.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმი ”მისაღები” ანგარიშით დამარცხდა

Posted by amikoshka on March 23, 2010

ბოლოსწინა ტურის მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ როგორ დასრულდებოდა შსს–სა და „ბათუმის“ მატჩი, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის მე–4 ადგილის მფლობელი უნდა გამოევლინა. შსს–მ კი ზუსტად იმ სხვაობით მოიგო, რამდენითაც ბათუმში წააგო.

11–ქულიანის გარდა ნებისმიერი სხვა სხვაობა რომ დაფიქსირებულიყო, უკვე გარკვეული იქნებოდა, თუ რომელი მათგანი დაიკავებდა ცხრილში მოწინავე ადგილს, ახლა კი ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს. საქმე იმაშია, რომ თუკი გუნდებს ცხრილში თანაბარი ქულები აქვთ, უპირატესობა პირველ რიგში ურთიერთშეხვედრებს ექცევა, რის შემდეგაც მხედველობაში მთლიანობაში ჩაგდებული და მიღებული ბურთების სხვაობა მიიღება. შსს–მ პირველ წრეში ბათუმში 83:94 წააგო, დღეს კი 86:75 იმარჯვა და როგორც ხედავთ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არც ერთ გუნდს არ დარჩა. ახლა ჯერი ბურთების საერთო შეფარდებაზეა მიმდგარი და ამ საქმეში ბათუმელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ ზღვისპირელების ბურთების შეფარდება 47 ერთეულით უკეთესია შინაგან საქმეთა სამინისტროელებზე. ეს კი იმას ნიშნავს, შსს–მ ბოლო ტურის მატჩში „ბათუმზე“ 47 ქულით უკეთესი სხვაობა უნდა დააფიქსიროს, რაც მეტოქეებს თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად შეუძლებელია. შსს ბოლო ტურში „დინამოს“ ხვდება, ხოლო ბათუმელები „სოხუმს“ ეთამაშებიან.

ის, რომ ბურთების შეფარდებაში 47–ქულიან უპირატესობას არ გაანიავებენ, ბათუნელები დარწმუნებულნი არიან. ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე მდგარმა 11 ქულით ჩამორჩენილ ბათუმელთა ლიდერმა ბესიკ ლეჟავამ განზრახ ააცილა ბურთი, რათა დარჩენილ დროში შსს–ს არ მოესწრო შეტევის ორგანიზება და სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა. სანამ ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთეს და მეტოქის ფარისკენ წაიწიენ, დრო ამოიწურა. მატჩიც შემდეგ ბათუმელებმა თქვეს, ბურთების შეფარდება დათვლილი გვქონდა და აღარ გავრისკეთ იმ საჯარიმოს ჩაგდება, რითაც თავიდან ავიცილეთ მეტოქის მხრიდან ლიდერობის კიდევ უფრო გაზრდაო.

მეოთხე ადგილისთვის ასეთო გაცხოველებული ბრძოლა იმიტომ იყო, რომ სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალში და ვინც უფრო წინ იქნება ცხრილში, მოედნის უპირატესობაც მას ექნება.

არადა, თამაში ბათუმელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო. სტუმრები 11:0 იგებდნენ, თუმც პირველი მეოთხედის ბოლოს მხოლოდ 3–ქულიანი ლიდერობა შერჩათ. აი, მეორე მეოთხედში კი შსს დომინირებდა, არჩილ ჟღენტის შეგირდებმა 29:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12 ქულით იგებდნენ. თავი ლექსო ლაფანაშვილმა და გიორგი ნიკოლაძემ გამოიჩინეს, რომლებსაც კარგად უწყობდა ფეხს ირაკლი ბერიშვილიც.

თამაში შემდეგ გათანაბრდა და შსს–ს ლიდერობა 10–15 ქულას შორის მეტყეობდა. ბოლო მეოთხედში ბათუმელებმა ვანო მაისურაძის, ბესიკ ლეჟავას და დავით იმნაის აქტიურობის შედეგად მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და საბოლოოდ 11 ქულაზე მეტით არ წააგეს. ზღვისპირელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ, მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც ბოლო ტურის შემდეგ გვეცოდინება.

ამ ტურში ოფიციალურად გაცხადდა პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა. ბოლო საგზური „სამედიცინო–აკადემიას“ ერგო, რომელსაც ამ ტურში მოგება ჩაეთვალა დაშილილ „ავიამშენთან“ კალენდარულ შეხვედრაში, ხოლო საუკეთესო 8 გუნდს მიღმა დარჩენა „ჭიათურას“ აგრარული უნივერსიტეტის გუნდთან მარცხის შემდეგ გაუფორმდა. მაშ ასე – უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს პირველობაგანაღდებული „ენერჯი–ინვესტი“ და მერვეადგილოსანი „სამედიცინო–აკადმეია“ შეხვდებიან. ფაქტობრივად გარკვეულია, რომ „სოხუმი“ „დინამოზე“ წინ დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს, რადგან ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სოხუმელებმა მოიგეს, ბოლო ტურში კი ორივეს ძლიერი მეტოქეები ჰყავს.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”ბათუმი” 100 – 56 “მერანი” ჭიათურა

Posted by amikoshka on March 5, 2010

საკალათბურთო კლუბმა “ბათუმმა” მორიგი კალენდარული მატჩი წარმატებით ჩაატარა. 100:56 – ამ ანგარიშით დაამარცხეს ბათუმელმა კალათბურთელებმა ჭიათურის “მერანი'”.

ჭიათურელები წელს ჩემპიონატში პირველად მონაწილეობენ, შესაბამისად, უფრო გამოცდილ ბათუმელ კალათბურთელებს მათი სახლში დამარცხება არ გასჭირვებიათ.

მასპინძელთა უპირატესობა აშკარა უკვე მეორე პერიოდიდან გახდა, როცა “ბათუმი” “მერანს” 16 ქულის სხვაობით უგებდა. უკვე მესამე პერიოდის ბოლოს სხვაობა თითქმის 30 ქულას შეადგენდა.

მასპინძელთა შორის საუკეთესო დავით იმნაძე იყო, რომელმაც 38 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.

http://www.superleague.gehttp://www.adjaratv.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | 1 Comment »

სსაუ-მ “ბათუმს” მოუგო

Posted by amikoshka on March 1, 2010

აგრარულმა უნივერსიტეტმა მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში „ბათუმი“ 75:62 დაამარცხა, რითაც ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა. ხოლო ბათუმელებმა ისევ ვერ მოახერხეს პრინციპული მატჩის მოგება და მესამე ადგილზე გადასვლის შანსები მინიმუმამდე შეიმცირეს.

შეხვედრას თანაბარი ეთქმოდა, თუმცა აგრარული უნივერსიტეტი თითქმის სულ წინ იყო. ხოლო ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, თბილისელებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და ბათუმელები დამაჯერებლად – 75:62 დაამარცხეს.

გამარჯვებულებს ულიდერა გუნდის კაპიტანმა ბექა წივწივაძემ, რომელმაც 25 ქულა და 7-7 მოხსნა-პასი მიითვალა. ფარის ბატონ-პატრონი კი რიჩარდ მათიაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ბათუმელებს, მათი ლიდერი, მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო მომხსნელი დავით იმნაძე მოკრძალებულ ორმაგ დუბლს დასკერდა – 14 ქულა, 10 მოხსნა.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Leave a Comment »

თსუ–მ ბათუმში ბოლო წამებზე მოიგო

Posted by amikoshka on February 14, 2010

დიდი ბრძოლა გაიმართა ბათუმში ამ საღამოს. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 82:79 სძლია მასპინძელ „ბათუმს“ და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ტურის სხვა მატჩები, მეორე ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, მთელი ტამაში თანაბარი ბრძოლა იყო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ბათუმელები ქულით ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოს უფრო მობილიზებულნი თსუ–ელები აღმოჩდნენ. საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრეც ქულას იგებდნენ (70:69) მასპინძლები, მაგრამ ირაკლი კეიდიას, დავით ბარბაქაძისა და გიორგი გაფრინდაშვილის აქტიურობით თბილისელებმა 3–წუთეული 11:3 მოიგეს და დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე 80:73 დაწინაურდნენ. ბათუმელები არ დანებდნენ, ვანო მაისურაძემ და დავით იმნაძემ იმდენი ქნეს, რომ თსუ–ს საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე 79:80 მიუახლოვდნენ, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. მიხეილ ფანჩულიძემ აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო, თსუ 82:79 დააწინაურა და ბათუმელებს ბოლო შეტევა დარჩათ, თუმცა მაისურაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა.

www.gbf.ge

Posted in კალათბურთი | Leave a Comment »

“ენერჯი–ინვესტმა” ბათუმში იძალა

Posted by amikoshka on February 8, 2010

რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ ბათუმური ბარიერი წარმატებით დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატში ისევ დაუმარცხებელია. ბათუმელთა დამრიგებელმა დავიტ უსტიაშვილმა ყოფილ რუსთავულ გუნდს ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ საბოლოოდ საწადელს მაინც ვერ მიაღწია. შეხვედრის საწყისი სამი მეოთხედი თანაბარი იყო – უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ აღწევდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი ეროვნული ნაკრების წევრმა, „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერმა კოტე ტუღუშმა იყოჩაღა, მას ზვიად ბაბიაშვილი, მიხელ ჭოჭუა და ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანატოლი ბოისაც დაეხმარნენ და რუსთაველებმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ათქულიან უპირატესობას მიაღწიეს – 65:55. ყველაფერიც აქ გადაწყდა. ბათუმელებმა ვეღარ მოახერხეს წინ გაჭრილი სტუმრების წამოწევა და დამარცხდნენ. მასპინძელთაგან ორმაგი დუბლით (21 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩა დავით იმნაძე, ხოლო გამარჯვებულებს კოტე ტუღუშმა ულიდერა 23 ქულით. თუმცა უნდა გამოვარჩიოთ რუსთაველთა კამერუნელი ლეგიონერ ჟოლივეტ ტუჯანი ტალბას გარჯაც, რომელსაც 17 მოხსნა დაუგროვდა.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ეროვნული ნაკრების მეტოქეები და A დივიზიონის კალენდარი

Posted by amikoshka on January 18, 2010

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (A დივიზიონი) ცნობილია – პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია. ჯგუფის რვავე შეხვედრა (4 შინ და 4 სტუმრად) ამა წლის აგვისტოში გაიმართება.

A დივიზიონის 15 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. 5 მოწინავე ნაკრები (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მომავალ აგვისტოშივე მოიპოვებს. მომდევნო 10 ნაკრები ორ ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 1 საგზურისთვის 2011 წლის აგვისტოში შეერკინება ერთმანეთს, ხოლო 4 აუტსაიდერი A დივიზიონში დასარჩენი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი

2 აგვისტო
საქართველო – პოლონეთი
5 აგვისტო
ბელგია – საქართველო
11 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია
14 აგვისტო
ბულგარეთი – საქართველო
17 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო
20 აგვისტო
საქართველო – ბელგია
26 აგვისტო
პორტუგალია – საქართველო
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი

ნაკრების წევრთა კომენტარები კენჭისყრის შესახებ

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების კომენტარებს გუშინ ჩატარებული კენჭისყრის შესახებ:

ვიქტორ სანიკიძე

“ვფიქრობ, არაა ისეთი ჯუფი, რომ წარმატებაზე არ ვიფიქროთ. ჩემი აზრით, სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. საამისოდ შინაური თამაშები უნდა მოვიგოთ აუცილებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუმრად წარმატების შანსი არ გვაქვს. ყველა მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებიოთ და რა გამოგვივა, ტურნირის დასრულების შემდეგ ვნახავთ”.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

“A ჯგუფში ძალიან ძლიერი გუნდები მოხვდნენ. ჩვენს ქვეჯგუფში აშკარა ფავორიტები არ არიან, მაგრამ მაინც ძალიან რთული მატჩები გველის”.

http://www.gbf.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ფიბა–ევროპამ A დივიზიონის ფორმატი გამოაქვეყნა

Posted by amikoshka on January 9, 2010

16 იანვარი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს გერმანიის პატარა ქალაქ ფრესინგში ფიბა–ევროპა საყოველთაო კენჭისყრას მოაწყობს, სადაც ჩვენი ყურადღება A დივიზიონისკენ იქნება მიპყრობილი. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებთან ჭიდილშიც იგორ კოკოშკოვის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება. 16 იანვრამდე ჯერ კიდევ არის დრო, გუშინ კი ფიბა–ევროპამ A დივიზიონის გათამაშების სისტემა და განთესვის კალათები თავის პრინციპებიანად ოფიციალურად გამოაქვეყნა.

მაშ ასე, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ: A დივიზიონში მყოფი 15 გუნდი 3 ჯგუფად (თითოში 5 ნაკრები) გაიყოფა. გუნდები 2010 წლის აგვისტოში ორ წრედ (შინ–სტუმრად) ითამაშებენ და 2011 წელს ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ. ამათ 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაემატება და ევროჩემპიონატის 5 საგზურის მფლობელი ამა წლის აგვისტოშივე გაირკვევა.

გაგახსენებთ, რომ ლიტვის ევროჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს 10 ქვეყნის ნაკრებს. ესენი არიან, რა თქმა უნდა, მასპინძელი ლიტვა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი თურქეთი და მუნდიალის მონაწილე ევროპელი ნაკრებები: საბერძნეთი, სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, სლოვენია და ესპანეთი. ამათ ორიოდ კვირის წინ რუსეთი და გერმანია დაემატნენ, რომლებსაც შედეგებით არ ეკუთვნოდათ ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ როგორც გამორჩეული და სახელგანთქმული მოთამაშეების მყოლი ნაკრებები, ფიბა–ევროპამ ისინი ლიტვაში „ველური ბარათებით“ დაუშვა.

როგორც ხედავთ, ევროპის ჩემპიონატის 10 საგზური დაკავებულია და დარჩენილი 6 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს სწორედ A დივიზიონის 15–მა გუნდმა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ A დივიზიონის 5 საუკეთესო გუნდი (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ამავე აგვისტოში მოიპოვებს ევროჩემპიონატის საგზურს. დარჩენილი 10 გუნდი 2 ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ერთ საგზურს 2011 წლის აგვისტოში გაითამაშებს, ხოლო 4 აუტსაიდერი იმავე პერიოდში A დივიზიონში დასარჩენი 2 ადგილისთვის შეერკინება.

ფიბა–ევროპამ უკვე დაადგინა ამა წლის აგვისტოს ის რიცხვები, როცა A დივიზიონის თამაშები გაიმართება: 2, 5, 8, 11, 14, 17, 20, 22, 26 და 29. ამ თარიღების გათვალისწინებით შედგება კალენდარი 16 იანვრის კენჭისყრის შემდეგ.

http://www.GBF.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »